X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების პროექტებს განათლების სამინისტროს პრიორიტეტების და რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს

29 ოქტომბერი 2025

„საქართველოში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ესიდას მიერ გადმოცემული სკოლების პროექტებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი,  განათლების სამინისტროს პრიორიტეტების და რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს”, -ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან განხორციელდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ესიდას) ლიკვიდაცია, ხოლო სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სრული რეაბილიტაციის პროექტების შემსრულებლად განისაზღვრა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

რევაზ სოხაძის თქმით, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ფონდი საქმიანობას ახორციელებს ორი ძირითად მიმართულებით – მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სკოლები და პროექტირება.

„განათლების სამინისტრო განსაზღვრავს პრიორიტეტებს – სად და რომელი სკოლა საჭიროებს რეაბილიტაციას ან ახალ მშენებლობას. ჩვენ ვიწყებთ შესაბამისი პროცედურების განხორციელებას იმ ადგილებში, სადაც სამინისტროს მიერ პრობლემები უკვე იდენტიფიცირებულია.  კონკრეტულ სკოლებთან დაკავშირებული ინფორმაცია  გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მესმის, რომ ბიუროს ამ ეტაპზე დიდი დატვირთვა აქვს და ვერ უმკლავდება ყველა მოთხოვნას ერთდროულად, რაც სრულად გასაგებია. ამიტომ გარკვეული დრო დაგვჭირდება, რათა პროცესი  სისტემურად გაგრძელდეს”,-აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, ამ ეტაპზე  ესიდას მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდის ბალანსზე გადაცემული 77 სკოლიდან  53 სამშენებლო ობიექტია, 14 სარეაბილიტაციო სკოლა, 10  კი- პროექტირება.  ყველა მათგანზე მიმდინარეობს  ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომპლექსური ანალიზი.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულია 135 სკოლა, რომელთა მდგომარეობის შესახებ, ფონდი,  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებს ელოდება.

„თუ დასკვნა გვიჩვენებს, რომ სკოლა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, დაუყოვნებლივ დავიწყებთ მშენებლობას იმ ტიპური პროექტებით, რომელთა მომზადება უკვე მიმდინარეობს. თუ დასკვნა იქნება განსხვავებული, შესაბამისად იმოქმედებს მუნიციპალური განვითარების ფონდი,“ – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა  არსებულ გამოწვევებად ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გაცემული სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, დიზაინ-ბილდის გარეშე სამშენებლო პროცესში გადაწყვეტილებების ნაკლებობა, საკადასტრო მონაცემების ცვლილებები და დოკუმენტაციის ანალიზის სირთულეები დაასახელა. რევაზ სოხაძემ ასევე აღნიშნა, რომ  ეს საკითხები მოითხოვს  გარკვეულ დროს,  რათა პროექტები   შეუფერხებლად განხორციელდეს.

პროექტირებასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია ტენდერები. მათ შორის,  აბაშაში N 2 საჯარო სკოლის პროექტირება გათვლილია 450 მოსწავლეზე, თუმცა ეს არის ტიპური პროექტი, რომელიც გამოყენებული იქნება სხვა ქალაქებშიც. ასევე მიმდინარეობს 600, 800, 1600 და 2000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება,“ – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლომდე დასრულდება 12 ახალი სკოლის მშენებლობა და 4 სკოლის რეაბილიტაცია. 2026 წლის ბოლოსთვის, კი, ექსპლუატაციაში შევა 32 ახალი  და  9 რეაბილიტირებული სკოლა.